English / ქართული / русский /
იზოლდა ჭილაძე
მეაბრეშუმეობის აღდგენის პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. სტატიის მიზანია გამოიკვლიოს მებარეშუმეობის განვითარების რა პრობლემები და პერსპექტივები არსებობს თანამედროვე საქართველოში და როგორი გამოწვევების წინაშე დგას იგი. შესწავლილია მეაბრეშუმეობის დარგის წარსული, დღევანდელი ვითარება და მომავალი განვითარების შესაძლებლობები. გადმოცემულია ამ დარგის მნიშვნელობა სოფლად მოსახლების დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის საქმეში.

კვლევის მიზანია საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის შეწყვეტის მიზეზების შესწავლა და მისი აღდგენის შესაძლებლობების ღონისძიებების შემუშავება.

შრომის დასკვნაში წარმოდგენილია ის აუცილებელი ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს აბრეშუმის ჭიის თესლის, აბრეშუმის ჭიის და თუთის ხეების მოშენების, ასევე, სათანადო ეკოლოგიური გარემოს შექმნისა და დაცვის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები: აბრეშუმის ჭია, აბრეშუმის პარკი, აბრეშუმის გრენა (თესლი), თუთის პლანტაციები. აბრეშუმის უხეში ძაფი, რეაბილიტაცია. 

შესავალი

აბრეშუმი საქართველოში უძველესი დროიდან არსებობდა. ისტორიული წყაროების თანახმად, ძველ კოლხეთში (დასავლეთ საქართველო) ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის XIV საუკუნეში იცოდნენ როგორც სელის, ასევე აბრეშუმის ძაფის დამზადების საიდუმლო. საქართველო „აბრეშუმის გზის“ არეალში მდებარეობდა და ეს მეაბრეშუმეობის განვითარებასაც უწყობდა ხელს. მას აბრეშუმის ქსოვილები უცხოეთშიც გაჰქონდა. მაგრამ, მტრების გამუდმებული თავდასხმებისა და ომების შედეგად აბრეშუმის ჭიის მოყვანა ორგანიზებული ხასიათის არ იყო. აბრეშუმი კუსტარულად მზადდებოდა. როგორც ცნობილია, XIX საუკუნეში, ქალაქ ბათუმიდან უცხოეთში 10.6 ტ გრენი (ჭიის თესლი) გაუტანიათ [1].

ქართული აბრეშუმი  გამორჩეული თვისებებით ხასიათდებოდა, რის გამოც 1850 წელს ტუნისსა და 1862 წელს ლონდონში მოწყობილ საერთაშორისო გამოფენებზე მან მედლები დაიმსახურა. 1998 წელს კი თუთის აბრეშუმმხვევიის ქართული ჯიშების პარკიდან ცივად ამოხვეული ძაფით დამზადებულმა ქსოვილმა ესპანეთში მოწყობილ გამოფენაზე ევროპის ხარისხის კომიტეტის ჯილდო  _ პლატინის ვარსკვლავი მიიღო [4. გვ.45; 10. გვ,118].

XX საუკუნეში მეაბრეშუმეობა საქართველოში იყო მოსახლეობის მასობრივი დასაქმების საშუალება და ფულადი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში იწარმოებოდა 4,0-4,4 ათასი ტონა პარკი და ფულადი შემოსავალი 15,5-16,5 მილიონ მანეთს შეადგენდა. აბრეშუმის პარკის წარმოებაში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, ხოლო აბრეშუმის მრეწველობაში _ 5-6 ათასი კაცი. დარგში კონცენტრირებული იყო მძლავრი ინტელექტუალური რესურსი და სოლიდური კაპიტალური დაბანდება. სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე გავრცელდა თუთის დაავადება, რომელმაც 15 მილიონამდე ძირი მცენარე გაანადგურა, აბრეშუმის პარკის დამზადება კატასტროფულად დაეცა. საქართველოში მომხდარი შიდა პოლიტიკური მოვლენების შედეგად კი 2002 წელს აბრეშუმის ჭიის პარკის დამზადება მთლიანად შეწყდა [4; 5; 8].

ამდენად, საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაცია და განვითარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას  წარმოადგენს. 

1. ისტორიული ექსკურსი

აბრეშუმის ჭიის ჯიშებს გეოგრაფიული წარმოშობის მიხედვით ხუთ მთავარ ჯგუფად ყოფენ: 1. დასავლეთ აზიის (მასში შედის მცირე და შუა აზიის პირობებში წარმოშობილი ჯიშები); 2. ევროპული; 3. იაპონური;  4. ჩინური; 5. კავკასიური [2. გვ. 72].

საქართველოში, რომელიც მისი არსებობის მინიმუმ სამი ათას წელს ითვლის, აბრეშუმის ჭია ჩინეთიდან გავრცელდა და მეაბრეშუმეობა მისი ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. თვით ჩინეთში აბრეშუმის წარმოებას დიდი ისტორია აქვს. დასავლეთში კი საუკუნეების მანძილზე  ძალიან ცოტა რამ იცოდნენ აბრეშუმისა და მისი დამამზადებლების შესახებ.

აბრეშუმის შესახებ წერდნენ აბრეშუმის გზის ცნობილი მოგზაურები: ფუ ჯეზი (Fu Jiezy. I ძვ.წ),  ბენ ჩაო  (Ban Chao, I ს ახ.წ.),  ბენ იანგ (Ban Yong, II ახ.წ),  ჯენჩ ქიან (Zhang Qian. II ძვ.წ), ხუანზენგ (Xuanzang,  VII ს. ახ.წ.), მარკო პოლო (Marco polo, XII ს. ახ.წ.) და სხვები. მათ თავიანთ ჩანაწერებში მრავლად აქვთ ინფორმაცია აბრეშუმის პარკის და ქსოვილებით ვაჭრობის შესახებ ჩინეთსა და აზიაში, მათ შორის, საქართველოში [6; 9; 10; 12].

აბრეშუმის დიდი გზა ტრადიციულად იყო ჩინეთის, სპარსეთის, თურქეთის, ყირგიზეთის ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი  ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ.წ. მე-2 საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისკენ. ერთი, ჩრდილოეთის გზა, კასპიის ზღვის გავლით  ამიერკავკასიას უკავშირდებოდა, გადაკვეთდა საქართველოს და ფასისიდან (ახლანდელი ფოთი) შავი ზღვით ბიზანტიასა და რომს უკავშირდებოდა.

საქართველოში, როგორც ისტორიული წყაროები მოწმობს, დიდი ხნიდან არსებობდა როგორც აბრეშუმის პარკის პირველადი გადამამუშავებელი, ისე აბრეშუმის ქსოვილების დამზადების შინა მრეწველობა. შრომის მეთოდები, რა თქმა უნდა, პრიმიტიული იყო. სტრაბონი გადმოცემს, რომ საქართველო უძველესი დროიდან განთქმული იყო მატყლის, აბრეშუმის, სელისა და სხვა ძვირფასი ქსოვილების წარმოებით, რომელიც მზადდებოდა შინამრეწველური წესით. თბილისში მრავლად იყვნენ ფეიქრები და აბრეშუმის ქსოვილის დამამზადებლები, რომელთაც ზოგჯერ სპარსეთსა და რუსეთში იწვევდნენ. XIX საუკუნის ბოლოს, მარტო ზუგდიდის მაზრაში 300-ზე მეტი აბრეშუმის საქსოვი მარტივი დაზგა აღმოჩნდა. აბრეშუმის ნაწარმი უმთავრესად იყიდება ხონის, ლანჩხუთის, სენაკის, ზუგდიდის, აბაშის, დიდი ჯიხაიშის და ქუთაისის ბაზრებზე  [1. გვ.42].

ცხადია, ასეთი შინამრეწველობის პირობებში დამზადებული აბრეშუმის ძაფი რუსეთის იმპერიის  მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებდა. 1827 წელს ქ. თბილისში იტალიელმა კასტელამ, იმპერატორის ბრძანებით ძაფსართავი ფაბრიკის მშენებლობისათვის 80000 მანეთი ვერცხლი მიიღო.  ახლად აშენებულ ფაბრიკაში დაიდგა 10 დაზგა და მუშაობდა 20 მუშა. 1829 წელს ეს წარმოება გადაკეთდა აბრეშუმის ძაფის ამოსახვევ სასწავლო სახელოსნოდ. მას უნდა მოემზადებინა ძაფის ამომხვევები საქართველოს სხვადასხვა მხარეებიდან. მაგრამ, ეს წარმოება, რომელიც უფასო შრომას და უფასო ნედლეულის გამოყენებას ემყარებოდა, სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა და ეს გასაკვირი არც იყო. რის გამოც, მთავარმართებელმა გოლოვინმა აღძრა შუამდგომლობა სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს წინაშე ამ სასწავლო-სახელოსნოს დახურვის მოთხოვნით, რაც დაუყოვნებლივ განხორციელდა [3, გვ. 341].

ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე უცხოელის მიერ (ბერძენი მარკო პოლო, ფრანგი როზმორდუკი, კ. დეფურე) გახსნილი ფაბრიკებიც მალევე დაიხურა. 1901 - 1902 წლებში მოსკოვის სავაჭრო პალატამ დაბა სამტრედიაში ააგო ძაფსაღები და ძაფსართავი ფაბრიკა, რომელიც იმ დროისათვის საუკეთესოდ ითვლებოდა მთელ კავკასიაში. სოციალისტური რევოლუციის შემდეგ იგი ჩამოერთვა კერძო მფლობელებს და საქართველოს აბრეშუმის ტრესტს გადაეცა.

ამდენად, აბრეშუმის გზის მეშვეობით საქართელოს მსოფლიო ბაზარზე გაჰქონდა აბრეშუმის პარკი, გრენა (ჭიის თესლი), ქსოვილები და სხვა ნაწარმი. მეაბრეშუმეობამ საქართველოში წარმატებით გაუძლო მრავალსაუკუნოვან ისტორიას და მისი საყოვლთაო სახალხო სიყვარულით დღემდე არსებობს. 

2. მეაბრეშუმეობა  XX  საუკუნის საქართველოში

XX საუკუნის დასაწყისში საქართველო მეფის რუსეთის კოლონია იყო და მეაბრეშუმეობის განვითარებას აქ დიდი ყურადღება არ ექცეოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში მთლიანად აბრეშუმის მოყვანისა და წარმოების ინდუსტრია ორ ძირითად დარგად იყოფოდა და შესაბამისი სამინისტროების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო. კერძოდ, მეაბრეშუმეობა გრენის შექმნიდან აბრეშუმის პარკის მიღებამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს განკარგულებაში იყო, ხოლო მიღებული აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევასა და ქსოვილების დამზადებას  მსუბუქი მრეწველობის სამინიტრო მართავდა. საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ძაფსახვევი და საქსოვი ფაბრიკები გაიხსნა თბილისში, ქუთაისში, თელავში, წულუკიძეში და ა.შ., რამაც აბრეშუმის ქსოვილების წარმოების მოცულობაც გაზარდა.

მეაბრეშუმეობა მოიცავდა შემდეგ რგოლებს (ღირებულებათა ჯაჭვი):

1. საწყისი სპეციალური რესურსები, როგორიცაა ა) აბრეშუმის თესლის (ანუ გრენის) სელექცია და დამზადება;  ბ) თუთის ჯიშების სელექცია და სანერგე ბაზა;

2. ნედლი პარკის წარმოება: ა) აბრეშუმის ჭიის გამოკვებას და გამოზრდას; ბ) ნედლი პარკის გაშრობას;

3. ხამიძაფის წარმოება - აბრეშუმის პარკისაგან ძაფის ამოხვევა;

4. ხამიძაფის რეალიზაცია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო მეაბრეშუმეობის სამმართველო, რომელიც, თავის მხრივ, მართავდა „რაი აბრეშუმს“ (აბრეშუმის რაიონული სამმართველო), სასელექციო სადგურს, საგრენაჟე (გრენის ანუ აბრეშუმის თესლის მწარმოებელ) ქარხანას და ასევე მონიტორინგს უტარებდა კოლმეურნეობების მფლობელობაში არსებულ თუთის სანერგეებს. იმ პერიოდისთვის არსებობდა 48 აბრეშუმის რაიონული სამმართველო, ორი სასელექციო სადგური, სადაც აბრეშუმის თესლიდან ჭიის გამოყვანა ხდებოდა და ხუთი საგრენაჟე (სათესლე) ქარხანა. `რაი აბრეშუმს~ ეკუთვნოდა 150 პარკსახმობი, სადაც ხდებოდა აბრეშუმის ნედლი პარკის გამოშრობა და ასევე გააჩნდა თუთის საკუთარი სანერგეები საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად [8].

მაშასადამე, საქართველოში მზადდებოდა აბრეშუმის ჭიის თესლი ანუ გრენა, აბრეშუმის პარკი და აბრეშუმის ხამი ძაფი. გავრცელებული იყო სანერგე ბაზა თუთის ხეების პლანტაციების სახით.

საქართველოში თუთის მეცნიერულ სელექციას თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს. XX საუკუნის 60-იან წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირში დარაიონებული თუთის შვიდი ჯიშიდან ხუთი საქართველოში იყო გამოყვანილი. იმავე პერიოდში აბრეშუმის პარკის წლიური დამზადება 4-4,5 ათას ტონას აღწევდა, ხოლო ფულადი შემოსავალი 16 მლნ მანეთს აღემატებოდა. დარგში სეზონურად დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, ხოლო მიღებული პროდუქციის გადამუშვებას 5-6 ათასი კაცი ემსახურებოდა. თუთის აბრეშუმმხვევიის ჯიშებიდან ცნობილია `მზიური 2~, რომლის ჰაერმშრალი პარკის აბრეშუმიანობა 50%-ს, ხამი ძაფის გამოსავლიანობა 43%-ს, ხოლო პარკის ძაფის სიგრძე 2232 მეტრს შეადგენდა [10. გვ. 119].

მეაბრეშუმეობის ძირითადი პროდუქციის საერთო დინამიკა როგორც აჩვენებს   (ცხრილი 1), მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან აბრეშუმის პარკის დამზადება საქართველოში პერმანენტულად მცირდებოდა. მეაბრეშუმეობის კრიზისი განაპირობა 1964 წლიდან დასავლეთ საქართველოში გაჩენილმა თუთის მიკროპლაზმურმა დაავადებამ „ფოთლის სიხუჭუჭემ“, რომელმაც 15 მლნ ძირზე მეტი თუთის ხე გაანადგურა [8; 10; 11].    

ცხრილი 1

მეაბრეშუმეობის ძირითადი მაჩვენებლების დინამიკა მე-20 საუკუნის

საქართველოში

მაჩვენებლები

1910

1913

1920

1930

1935

1940

1950

1960

1970

1980

1990

2000

1. აბრეშუმის პარკი (ტ)

2. აბრეშუმის გრენი (კგ)

3. თუთის ხეები (მლნ ძირი)

4. აბრეშუმის ხამი ძაფი (ტ)

2560

 

  -

 

 -

 

  -

1520

 

  -

 

7

 

 -

8 32

 

  -

 

 -

 

  -

   -

 

  -

 

-

 

  -

 

 

  -

 

   -

 

11

 

  -

2490

 

  -

 

  -

 

  -

3  440

 

 2700

 

  18

 

415.1

3763

 

3579

 

 16

 

  -

2120

 

   -     

  

2

 

  -

1900

 

  -

 

 2

 

  -

1557

 

  -

  

20

 

268

   2

 

   0

 

2

 

  0

წყარო[4, გვ. 94]  და საქართველოს სტატისტიკური კრებულები: 1909, 1921, 1923, 1970, 2000 წწ.                   

საგანგებო ღონისძიებების გატარების შედეგად (მ.შ. ახალი ნერგების დარგვა), ოპერატიული მონაცემებით, საქართველოში 1990 წელს აღრიცხული იყო 20 მლნ თუთის მცენარე, რომელიც 24%-ით აღემატებოდა 1964 წლის მაჩვენებლებს. `სამწუხაროდ, 1964-1990 წლებში გაწეული ძალისხმევა, მიღწეული წარმატებები და კაპიტალური დაბანდება ჩვენი უყაირათობის შედეგად თითქმის მთლიანად გადაყრილი აღმოჩნდა~ [11]. ამასთან, 1980-იანი წლებიდან ქვეყანაში შექმნილი  საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების კიდევ უფრო ნეგატიური ზეგავლენის შედეგად, აბრეშუმის პარკის წარმოება კატასტროფულად დაეცა და ბოლოს, 2002 წლიდან მთლიანად შეწყდა. ასე რომ, ყველაფერი თავიდან დასაწყები გახდა. 

3.  მეაბრეშუმეობის პერსპექტივები საქართველოში

XX საუკუნის მეორე ათწლეულში საქართველოში აბრეშუმის პარკის წარმოების აღდგენის რამდენიმე მცდელობა არსებობდა. ყველა ეს მცდელობა არცთუ ისე წარმატებული აღმოჩნდა და მათი უმეტესობა მცირე ზომის კუსტარული წარმოების გამართვაზე იყო ორიენტირებული. 2007 წელს ბოლნისში დამზადებულა აბრეშუმის პარკი, მაგრამ, მთავრობის მიერ გამოყოფილი არასაკმარისი თანხების გამო შემდეგი საფეხურების გავლა ვერ მოხერხდა.

2014-2015 წლებში საქართველოში შეიქმნა რამდენიმე კოოპერატივი (ლანჩხუთის, ვანის, მარნეულის, ხარაგაულის, ახმეტის  რაიონებში),  რომელთა საქმიანობას აბრეშუმის პარკის წარმოება წარმოადგენდა. 2016 წელს გურჯაანშიც ერთმა ოჯახმა დაიწყო აბრეშუმის ჭიის მოშენება. 2015 წელს „ქართული აბრეშუმის კორპორაციის“ მიერ შემოტანილ იქნა  100 ათასი თუთის ჰიბრიდული  ნერგი, რომელიც უფასოდ დაურიგდათ ქართველ ფერმერებს,  მაგრამ მათი საქმიანობა  ჯერ ისევ ფრაგმენტული ხასიათისაა.

მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ძირითადად აქცენტი კეთდებოდა (პუბლიკაციები, ღონისძიებები, მცირე ზომის პროექტები და ა.შ.) თუთის და ჭიის გენოფონდის აღდგენაზე და გლეხური მეურნეობების ჩართულობით და დასაქმებით დარგის აღდგენაზე. 2015 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სამინისტროს კვლევითი ცენტრის მიერ გამოცემულ იქნა ცნობარი „აბრეშუმის ჭიის მოვლა“ [7].

ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს „ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის“ მიერ 2015 წელს დამუშავებულ იქნა მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის პერსპექტიული ბიზნეს-პროექტი „აბრეშუმის სახლი“. იგი წარმოადგენს აბრეშუმის ხამი ძაფის წარმოების მასშტაბური ხასიათის ბიზნესმოდელს, რომელიც მოიცავს: ხამი ძაფის ამოხვევის საწარმოს; აბრეშუმის ჭიის გამოკვების საწამოო ფართს და მასთან არსებულ ნედლი (ცოცხალი) აბრეშუმის პარკის შენახვისათვის საჭირო ფართს და დანადგარებს; თუთის ხეების ინდუსტრიულად გაშენებულ პლანტაციებს. მაშასადამე, აღნიშნულ მოდელში  იწარმოება ერთი დასახელების შუალედური პროდუქტი - აბრეშუმის ნედლი (ცოცხალი) პარკი; ერთი დასახელების საბოლოო პროდუქტი - აბრეშუმის ხამი ძაფი [8. გვ.3].

აღნიშნული მოდელი არ წარმოადგენს კონკრეტული საწარმოს ბიზნესგეგმას და საჭიროებს დამატებით დამუშავებას კონკრეტული საწარმოო შესაძლებლობების გამოსაკვები ბაზის შერჩევის შემთხვევაში. ამასთან, იგი ითვალისწინებს გლეხური მეურნეობების მიერ წარმოებული აბრეშუმის პარკის შესყიდვებს მაგრამ არ ითვალისწინებს აბრეშუმის პარკის შრობის საწარმოო პროცესს, რაც მის ხარვეზად მიგვაჩნია.

„აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული და ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით, აღნიშნავენ პროექტის ავტორები.

რაც შეეხება სს „საქაბრეშუმს“, მის ბალანსზე ამჟამად დარჩენილია გარკვეული რაოდენობის შენობა-ნაგებობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ასევე სასოფლო და არასასოფლო მიწის ნაკვეთები. სს „საქაბრეშუმი“ გაკოტრების პროცესშია და ამჟამად არ მიმდინარეობს არანაირი მცდელობა ან ინვესტიციის ჩადება მეაბრეშუმეობის ინდუსტრიის განახლებისთვის [5, გვ.9].

2016 წლის 28 ივლისს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: „მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაცია, კოოპერირება და ნედლეულის წარმოება“.  გაიმართა დისკუსია BACSA-ს (მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის), როგორც საქართველოში აბრეშუმის ჭიის გენოფონდის აღდგენისა და მეაბრეშუმეობის დარგის განვითარების კოორდინატორის შესახებ. გამოითქვა ბევრი საინტერესო წინადადება [11]. ასევე, 2017 წელს აზერბაიჯანის ქ. შეკში გაიმართა მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) მერვე საერთაშორისო კონფერენცია, სადაც საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის არსებულ მდგომარეობასა და განვითარების საკითებზეც იმსჯელეს.

ამრიგად, საქართველოში მყოფი მეაბრეშუმეობის დარგის მეცნიერები, პრაქტიკოსები, აბრეშუმის მუზეუმი თუ ახლად შექმნლი კვლევითი ცენტრები, აქტიურად არიან ჩართული საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის რეაბილიტაციის პროექტების დამუშავების საქმეში, მაგრამ, პრაქტიკული შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს. 

4. ბაზრის მოთხოვნები აბრეშუმის პროდუქტებზე

მეცნიერები წერენ, რომ ნატურალური აბრეშუმი მსოფლიოში ჯერჯერობით შეუცვლელია. ეს მისი მრავალი კეთილშობილური თვისებითაა გამოწვეული. ამასთან, აღმოჩნდა რომ, ხელოვნური ბოჭკოს (კაპრონის) და აბრეშუმის ძაფის სათანადო შერევით მიიღება ჯანმრთელობისათვის უვნებელი, გამძლე და ლამაზი ქსოვილი, რომელიც არ იჭმუჭნება და აქვს მიმზიდველი შესახედაობა, ხოლო მისი თვითღირებულება ნატურალურ აბრეშუმთან შედარებით 20-25%-ით დაბალია. ყოველივე ამის შედეგად, აბრეშუმის ბუნებრივი ბოჭკოს წარმოება მსოფლიოში ზრდის ტენდენციით ხასიათდება [4, გვ. 42].

„აბრეშუმის სახლის“ პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევებით ირკვევა, რომ საქართველოში ადგილობრივი  ბაზრის მოთხოვნა აბრეშუმის პარკს, თესლსა და აბრეშუმის ხამ ძაფზე, მართალია მცირედ, მაგრამ, თანდათან იზრდება.  2014 წელს საქართველოში შემოსულია მცირე ოდენობის აბრეშუმის პარკი  0.44 (ცხრილი 2),  აბრეშუმის ძაფი 0.12 და აბრეშუმის ქსოვილები 66.05 ათ აშშ დოლარის ოდენობით. სულ 66,44 ათ. თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნიდან [8, გვ. 11].

ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის ძაფის, ქსოვილებისა და უშუალოდ აბრეშუმის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე 66 ათასი აშშ დოლარის ღირებულების აბრეშუმის ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის აბრეშუმის ძაფი, ქსოვილები და მცირე ღირებულების აბრეშუმის პარკი (ცხრილი 2).  ბოლო 3-4 წლის მანძილზე ყველაზე დიდი ღირებულების პროდუქცია 2012 წელს შემოვიდა, ხოლო 2015 წლის იანვარ-ივნისის პერიოდისათვის მხოლოდ მცირე ღირებულების აბრეშუმის ძაფის იმპორტი დაფიქსირდა.                                                            

ცხრილი 2

2012-2015 წლებში საქართველოში იმპორტირებული აბრეშუმის ნაწარმი

(ათასი აშშ დოლარი) 

 

2012

2013

2014

2015

აბრეშუმის პარკი

-

-

0,44

-

აბრეშუმის ძაფი

-

0,17

0.12

0.02

აბრეშუმის ქსოვილები

166,36

38.68

66.44

-

სულ

66.36

38.85

67.0

0.02

წყარო: [8, გვ: 12]  

ადგილობრივ ბაზარზე შემოსული აბრეშუმის ნაწარმი ძირითადად საქართველოში რჩება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზრის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. საერთაშორისო ბაზარზე კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აბრეშუმის ჭიას, გრენას და პარკს [8, გვ. 12].                                                    

აბრეშუმის საერთაშორისო ბაზარზე ძირითად სავაჭრო პროდუქტებს წარმოადგენს აბრეშუმის პარკი, ხამი ძაფი და ასევე აბრეშუმის პარკის ნარჩენები. აბრეშუმის პარკის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები ძირითადად აზიაშია. მსოფლიოში ყველაზე დიდი ექსპორტიორები და იმპორტიორები არიან: ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, ესპანეთი. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი მწარმოებელია ბრაზილია, ტაილანდი, ვიეტნამი, ირანი, კორეა.

ჩინეთის მიერ წარმოებული აბრეშუმის პარკის რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად, დანარჩენი ქვეყნების კი (ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი უზბეკეთი) მეტ-ნაკლებად ფიქსირებულია (ცხრილი 3).

როგორც მე-3 ცხრილიდან ჩანს, ჩინეთი წარმოადგენს როგორც მსოფლიოს უმსხვილეს აბრეშუმის მწარმოებელს, ასევე უმნიშვნელოვანეს სავაჭრო რგოლსაც, რომელიც გამოირჩევა იმპორტისა და ექსპორტის დიდი მოცულობით. თუმცა ბოლო პერიოდში მისი პოზიციები თანდათან ეცემა.

        ცხრილი 3

აბრეშუმის პარკის წარმოება ()

ქვეყნები

2008

2010

2015

2016

2017

ჩინეთი

 ყაზახეთი

 ტაჯიკეთი

 თურქმენეთი

 უზბეკეთი

683 400

1,64

30,2

4 000

23 443

655 000

2,33

2 785

4 025

25 159

637 000

6,9

3 550

4 010

27 900

590 000

9,2

3 650

4 010

28 900

420 000

18,5

3 880

4 010

30 000

 წყარო:  [4, გვ: 40-41-42]                                                                                                                    

უზბეკეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა აბრეშუმის ბაზარზე. იგი ამჟამად აწარმოებს აღნიშნული რეგიონის აბრეშუმის 80%-ზე მეტს. კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნებიდან ირანი, აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად არიან ჩართულნი აბრეშუმის ინდუსტრიაში. რაც შეეხება საქართველოს, სომხეთსა და რუსეთს, აღნიშნული ქვეყნები შედარებით უფრო პასიური მოთამაშეები არიან, თუმცა მათი დაინტერესების შემთხვევაში კავკასიის რეგიონის სავაჭრო ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდება. 

საქართველოს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა ამჟამად შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის ძაფის, ქსოვილებისა და უშუალოდ ტანსაცმლისა და აქსესუარების საბაზრო მოთხოვნით. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, აბრეშუმის ინდუსტრიის განვითარების დონე ქმნის მოთხოვნას ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა აბრეშუმის ჭია, გრენა და პარკი. 

სპეციალისტების გათვლებით, კავკასიის რეგიონში საქართველოს აქვს პოტენციალი, დაიკავოს მნიშვნელოვანი საბაზრო წილი. ამ მხრივ საქართველოს უპირატესობას წარმოადგენს მისი ტერიტორიული მდებარეობა და არსებობს აბრეშუმის პარკისა და ხამი ძაფის გატანის შესაძლებლობა აზერბაიჯანში, თურქეთსა და რუსეთში [8]. 

5.  მებრეშუმეობის  დარგის გამოწვევები საქართველოში

საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს.  გრენის სელექცია და მომზადება ხორციელდება მცირე მოცულობით, ძირითადად სამეცნიერო მიზნებისათვის. მოქმედ მდგომარეობაში შენარჩუნებულია მხოლოდ ხონის სასელექციო სადგური.

საბჭოთა პერიოდში პარკის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხამი ძაფის ამოხვევა ორგანიზებული იყო „საქაბრეშუმის“ დაქვემდებარებაში მყოფი და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სადგურების დახმარებით. დღესდღეობით აღნიშნული ინფრასტრუქტურა განადგურებულია, ხოლო 22 არასასოფლო-სამეურნეო ობიექტი წარმოადგენს სს „საქაბრეშუმის“ ქონებას და ამჟამად ამ საწარმოს ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს, მაშინ როდესაც   მცირე და საშუალო ფერმერებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი ნედლი პარკის დამუშავებისა და ხამი ძაფის ამოხვევის პროცესის სათანადოდ ორგანიზებისათვის. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პროდუქტის სტანდარტიზაციისა და ხარისხის შენარჩუნების თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი ხამი ძაფის ამოხვევა კუსტარულ პირობებში.

 ასევე, დარგის სპეციალისტების მოსაზრებით, წლების განმავლობაში დარგის უმოქმედობის გამო, აბრეშუმის ჭიის შენარჩუნებული ადგილობრივი ჯიშების ვარგისიანობა  ინდუსტრიული გაშენების თვალსაზრისით და ჯიშების მდგრადობა დაავადებების მიმართ საეჭვოა. თუმცა, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სათანადო ბიოქიმიური მეთოდების გამოყენებით შესაძლებელია აბრეშუმის ჭიის დაავადებების თავიდან აცილება და პარკის გამოსავლიანობის ამაღლება [2, 5].

საქართველოში  ჯერ კიდევ დაუცველია ეკოლოგიური გარემო. დღემდე, პრაქტიკულად, არაეფექტურია გარემოზე სისტემური ზედამხედველობისა და რეაგირების ღონისძიებათა სისტემა.   საფრთხეები ცნობილი ხდება მხოლოდ არასასურველი ფაქტის მოხდენის  შემდეგ. რეალობა ადასტურებს, რომ საქართველოს ბუნება დიდი ეკოლოგიური საფრთხეების წინაშე იმყოფება. ყოველივე ეს ასევე საფრთხეს უქმნის თუთის ახალი ჯიშების მდგრადობას. ამიტომ, აბრეშუმის ჭიის ადგილობრივი გენოფონდის აღდგენა/შექმნა და თუთის პლანტაციების დაცვა დაავადებებისაგან დიდ ყურადღებას მოითხოვს მთავრობის და მთელი საზოგადოების მხრიდან. 

ასევე, მთავრობამ დღემდე ვერ შეძლო სისტემური ხასიათი მისცემოდა აბრეშუმის პარკის წარმოებას საქართველოში. ვერ განახორციელა ინვესტიციები დარგის რეაბილიტაციის მიზნით.

მიუხედავად მრავალი საინტერესო პროექტის და წინადადებების არსებობისა, დღეისათვის მეაბრეშუმეობის დარგი საქართველოში, და მასთან ერთად მეაბრეშუმეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, განადგურებულია. მასზე ზრუნვა თითოოროლა ენთუზიასტი მეცნიერის და პრაქტიკოსის ინიციატივაზეა მიტოვებული. ასევე უყურადღებოდაა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, რომლის კედლები ლამის ჩამოინგრეს, მაშინ როდესაც იგი ის იშვიათი ადგილია, სადაც ქართული აბრეშუმის ისტორიის გაცნობა არის შესაძლებელი. ადგილი, სადაც  ლამაზი წარსულის გვერდით, გთრგუნავს დღევანდელი მტვერმიყრილი სინამდვილე.

6.  მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის გზები საქართველოში

მეაბრეშუმეობა ეკოლოგიურად სუფთა დარგია, რადგან წარმოების პროცესში გამოყოფილი ნარჩენების უტილიზაცია ან მათი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა დანიშნულებისათვის, რაც კიდევ უფრო ხელსაყრელია მეაბრეშუმეებისთვის.

მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მეაბრეშუმეობის განვითარება ხელსაყრელია ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებიც ხასიათდებიან შემდეგი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით: ინდუსტრიალიზაციის დაბალი დონე; სოფლის მოსახლეობის მაღალი წილი; უმუშევრობის მაღალი დონე;  იაფი მუშახელი. მაშასადამე, საქართველლოში ამ დარგის აღდგენა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც სასურველია.

მეაბრეშუმეობის დარგის აღდგენის მიზნით საქართველოს შეუძლია არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ საკუთარი გამოცდილებებიც გამოიყენოს. საქართველოში იმყოფებიან მოცემული დარგის მეცნიერებიც და პრაქტიკოსებიც, რომლებსაც ამ მიმართულების ადეკვატური პროექტები აქვთ შექმნლი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია  ე.წ. - „აბრეშუმის სახლი“, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. ამ მოდელის წარმატებულობა კი დამოკიდებულია საკვები ბაზის ხარისხსა და მდგრადობაზე.  აბრეშუმის ჭიის იმპორტი არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ სიძნელეებთან, მაგრამ, საქართველოს პირობებზე ადაპტირებული აბრეშუმის ჭიის ჯიშების მისაწვდომობა კრიტიკულია ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობისათვის. აგრეთვე, აღნიშნული ბიზნესმოდელის განხორციელებისას მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა საკვები ბაზის უზრუნველყოფის მიმართულებით, როგორიცაა, თესლნერგების გამოყვანა.

მდგრადი საკვები ბაზა გულისხმობს თუთის პლანტაციების საქართველოს კლიმატურ და მიწის პირობებზე ადაპტირებულ და საქართველოსთვის დამახასიათებელი, თუთის დაავადებების მიმართ მდგრადი ჯიშების არსებობას და გაშენებას. მაგალითად, ქართველი მეცნიერბის მიერ დამუშავებულია  ბუნებრივი თბილი წყლით გამთბარ გრუნტში დაავადებათა გამძლე თუთის ჯიშების კალმების დაფესვიანებით სანერგეების მოწყობა  [2; 5].

„აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელის პრაქტიკაში 1000 ჰა-ზე მეტი მოცულობის საკვები ბაზის (თუთის პლანტაციების) მქონე ერთეულებად განხორციელება გართულებულია პრივატიზების შედეგად მიწის ფონდის დანაწევრებულობის და ერთიანი მიწის ფონდის ნაკლებობის გამო. შესაბამისად, „აბრეშუმი სახლის“ ბიზნეს მოდელის განხორციელება პრაქტიკაში უფრო მოსახერხებელია საშუალო ზომის ბიზნეს ერთეულების სახით - 100-200 ჰა საკვები ბაზის უზრუნველყოფით.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „აბრეშუმის სახლის“ ბიზნესმოდელის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული და ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით.

აბრეშუმის პარკის დამზადებაში უფრო მარტივია ოჯახების ჩართვა, რადგან ასეთი პრაქტიკა საქართველოში არსებობდა და მოსახლეობასაც აქვს აბრეშუმის მოვლის გამოცდილება.  ამასთან, მიწებიც პრივატიზებულია.

მეაბრეშუმეობა მოითხოვს ხელით შრომას, ამიტომ იგი მისაღებია საქართველოსნაირი განვითარებადი ქვეყნისათვის. იგი სოფლის მოსახლეობის დასაქმებას იწვევს, სჭირდება შედარებით ნაკლები ინვესტიცია და ნედლეულით უზრუნველყოფს ქსოვილების წარმოებას.  ბაზრის მოთხოვნა კი   აბრეშუმის ქსოვილზე, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია, როგორც უკვე ითქვა, სულ უფრო იზრდება. ამასთან, აბრეშუმის ერთეულის ფასი თითქმის ოცჯერ აღემატება ბამბის ერთეულის ფასს. 

დასკვნა და წინადადებები

ამრიგად, XX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში თუთის ფოთლის დაავადების გავრცელების შედეგად და, ასევე, მომხდარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების გავლენით,  მეაბრეშუმეობის ინდუსტრია თანდათან შეიკვეცა  და ბოლოს, პრაქტიკულად არსებობა შეწყვიტა. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე იყო მისი აღდგენის ფრაგმენტული მცდელობა, მაგრამ საერთო სახელმწიფოებრივი კოორდინაციის არარსებობის გამო ყველა კერძო მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, იგი ჯერჯერობით ისევ გაჩერებულია. ვითარება ძალიან მძიმეა, რაც საქართველოს მთავრობისა და ქართული ბიზნესის დიდ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია.

კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში დღეისათვის არსებობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის  და მეაბრეშუმეობის დარგის  მეცნიერებისა და პროფესიონალების მიერ დამუშავებული მნიშვნელოვანი პროგრამები, ღონისძიებები და  რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება რეალურად გააცოცხლებს მეაბრეშუმეობას საქართველოში.  მაგრამ, სამწუხაროდ, არ ჩანს მთავრობის პოლიტიკური ნება და ადეკვატური პასუხისმგებლობა პრობლემების რეალური მოგვარების მიმართულებით.

ჩვენიაზრით, აუცილებლია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

შეიქმნას მეაბრეშუმეობის აღდგენის და განვითარების სახელმწიფო გეგმა მთავრობის მიერ, რომლის განხორციელებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის სათანადო კომიტეტი მეაბრეშუმეობის დარგის მეცნიერებთან ერთად;

უპირატესობა უნდა მიენიჭოს აბრეშუმის პარკის ოჯახურ წარმოებას, სადაც  თანდათან დაინერგება გამოკვების ახალი მეთოდები და სხვა შესაბამისი ტექნოლოგიები. შემდეგ ეტაპზე შეიძლება შეიქმნას კოოპერატივები (ამხანაგობები);

დიდი მუშაობაა ჩასატარებელი საქართველოში თუთის და თუთის აბრეშუმმხვევიის მდიდარი გენოფონდის აღდგენა-შენარჩუნებისათვის, რაც მეცნიერების მიერ თეორიულად დამუშავებულია და განხორციელება სჭირდება;

შესაძლებელია საბოლოო პროდუქტის წარმოება (ხამი ძაფი, ქსოვილი, გრენა)   მოხდეს ეტაპობრივად;

მეაბრეშუმეობის ეფექტიანობის ამაღლებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო პარკის ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ პარკში აბრეშუმიანობის პროცენტის ამაღლებას, რაც ახალი მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოყვანას და დანერგვას მოითხოვს;

  საჭიროა მეაბრეშუმეობის დარგში განათლების ახალი, თანამედროვე  სისტემის ჩამოყალიბება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიძლება გაიზარდოს მეაბრეშუმეობის სპეციალისტების ის რაოდენობა, რომლებიც, სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, მუდმივ ზედამხედველობას და დახმარებას გაუწევენ საქართველოს რაიონებში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების პროცესს;

საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოს  მეაბრეშუმეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის და აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის აღდგენა-განვითარების დაფინანსება;            

კერძო ბიზნესმა, მ.შ. კომერციულმა ბანკებმა სოციალური პასუხისმგებლობების პროგრამების ფარგლებში  დააფინანსონ ოჯახების მომარაგება დაავადებების მიმართ გამძლე ჯიშის თუთის ნერგებით;

ქვეყანაში მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი თუთის ხეებისა და აბრეშუმის ჭიის დაავადებების გავრცელების რისკი;

მოყვანილი ღონისძიებების დანერგვის შედეგად მოხდება მეაბრეშუმეობის აღდგენა და განვითარება საქართველოში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სოფლად ქალების, მოზარდების, მოხუცების და უნარშეზღუდული პირების დასაქმებასაც კი და შესაბამისად, ოჯახების შემოსავლების ზრდას.

მეაბრეშუმეობის განვითარების შედეგად, საქართველო თანდათან აბრეშუმის ექსპორტსაც შეძლებს, რაც ხელს შეუწყობს უცხოური ვალუტის მოზიდვას ქვეყანაში. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. ბოცვაძე  ს.  მეაბრეშუმეობა საქართველოში. გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1964 

2. ბრეგვაძე თამარ. გამა რადიაციის გავლენა თუთის აბრეშუმმხვევიას    ცხოველმყოფელობაზე.  დისერტაცია, თბ., 2016.

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000177/tamar%20bregadze%20disertacia.pdf

3. გუგუშვილი პ. კაპიტალიზმის განვითარება ამიერკავკასიასა და საქართველოში. თბ., 1941.

4. ნიკოლეიშვილი გ., შაფაქიძე ე., მეაბრეშუმეობა - შავი, კასპიის ზღვების და ცენტრალური აზიის რეგიონების ქვეყნების  (BACSA) საერთო საზრუნავია. თბ., 2014.

5. ნიკოლეიშვილი გ. შაფაქიძე ე. საქართველოს მეაბრეშუმეობა: პრობლემები, რაბილიტაცია, აღორძინება. თბ., 2016.

6. აბრეშუმის დიდი გზა.   https://ka.wikipedia.org/wiki/wiki/   

https://ka.wikipedia.org/wiki/%

7. აბრეშუმის ჭიის მოვლა. საქართველოს სოფლის მეურნეობისკვლევითი ცენტრი.

http://srca.gov.ge/files/%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%90.pdf

8.  ბიზნეს მოდელი „აბრეშუმის სახლი“, აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობები და ბაზრის კვლევა. თბ., 2015

9.  მოგზაურები აბრეშუმის შესახებ.  https://www.travelchinaguide.com/silk-road/history/   

10. საქართველო, ჩვენი ფსეულობები, სოფლის მეურნეობა, მეაბრეშუმეობა საქართველოში. გამომცემლობა პალიტრა,  თბ., 2016 [გვ. 118-119].

11. საქართველოს სოფლის მეურენობის მეცნიერებათა აკადემია, რეკომენდაცია. თბილისი, 2014. http://www.gaas.dsl.ge/pdf/recomendations_2014-2015/2014

12.  Chinese Silk – Silk History, Production, and  Products. http://www.chinahighlights.com/travelguide/culture/chinese-silk.htm